დღეს საქართველოში ბევრმა თავის თავს თვითონვე უწოდა პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ექსპერტი. თუმცა ბევრ მათგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა შრომა უნდა გასწიოს ადამიანმა, რომ მას ეს წოდებები მიანიჭოს მკითხველმა, ტელემაყურებელმა თუ რადიომსმენელმა. ჩემმა ერთმა მეგობარმა იცოდა თქმა: ღვინო ცუდი არ არსებობს, ღვინო კარგია ან ძალიან კარგიო. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით დღეს ქართულ ჟურნალისტიკაზე. ეს სამოღვაწეო სფერო წალეკეს ე.წ. ჟურნალისტებმა, ხან მთავრობას მიტმასნილებმა და ხან ოპოზიციაში გადამხტრებმა. ჭეშმარიტი ჟურნალისტები კი, რომლებიც სინდისის კარნახით მოქმედებენ და ქვეყნის წინსვლა-განვითარების (და არა ვინმეს მაამებლობის) ერთგულნი არიან, თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. ახლახან ერთი ინტერნეტ-გამოცემის გვერდზე ამოვიკითხე: „ჟურნალისტობა უმაღლეს კვალიფიკაციასთან, მრავალმხრივ ცოდნასთან, გამოცდილებასა და უსაზღვრო მოთმინებასთან ერთად უზარმაზარ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს“. დიახ, ბატონებო, ასეა. ძნელად მიიღწევა ჭეშმარიტი ჟურნალისტობა. და მერე ამ ტიტულის ტარება კიდევ უფრო ძნელია. შენმა ნაღვაწმა უნდა გაქციოს ჭეშმარიტ ჟურნალისტად. ასეთნი კი მცირედ შემორჩნენ ქართულ ჟურნალისტიკას.
დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს, თუმცა, მას ჩემგან წარდგენა ნაკლებად სჭირდება, რადგან ის უკვე წარდგენილიცაა და თავისი ადგილიც დამკვიდრებული აქვს ქართულ ჟურნალისტიკაში. დღეს ამ ადამიანს დაბადების დღე აქვს. მინდა, თქვენთან ერთად მივულოცო და ვუსურვო ბედნიერება, წარმატებები, არ დამშრალიყოს მისი ნიჭი და მისი კალამი, დღეს საქართველოს მისი სადარი ნამდვილი, ჭეშმარიტი ჟურნალისტები სჭირდება!
თეიმურაზ (თემურ) ქორიძე
დაიბადა 1950 წლის 24 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში. 1967 წელს დაამთავრა სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოს საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბისტიკის განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1973 წელს. უნივერსიტეტში მისი მასწავლებლები იყვნენ გენიალური ქართველი მეცნიერები ალექსი ლეკიაშვილი, გიორგი წერეთელი, ნანა ფურცელაძე, გოჩა ჯაფარიძე, სერგი ჯიქია... სწავლა-განათლება ამით არ მთავრდება - 1984 წელს თემურ ქორიძე სინქრონული თარგმანის ხელოვნებას ეუფლება უმაღლეს სკოლაში.
1986 წლიდან მოღვაწეობს ჟურნალისტიკაში. მუშაობდა გაზეთ „თბილისში“, „დრონში“, რადიო „თავისუფლებაში“, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე... სხვადასხვა დროს ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი ასეული პუბლიცისტური ნაშრომი სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციალურ, კულტურის, ლიტერატურის სფეროში. საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში თითქმის 25 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები ჟურნალისტიკაში „დიდი წვრილმანები“ და „საუბრები ჟურნალისტიკაზე“. არის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. არის საქართველოში არსებული თითქმის ყველა ჟურნალისტური პრემიის (ნიკო ნიკოლაძის, დავით აღმაშენებლის, აკაკი წერეთლის, ოქროს კალამი...) ლაურეატი. არის ბრწყინვალე და უკომპრომისო პოლემისტი, დიდებული მთხრობელი, ასეთივე მეცნიერ-რედაქტორი და მთარგმნელი. მომზადებული აქვს ათამდე წიგნი, რომელთა გამოცემა ფერხდება უსახსრობის გამო... ამჟამად მუშაობს კიდევ ერთ სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომზე პირობითი სახელწოდებით „ანტიჟურნალისტი“.