მოაზროვნე მკითხველისთვის ჯემალ ქარჩხაძის მიერ დაწერილი მოთხრობებისა და რომანების გარდა, არანაკლებად საინტერესოა მისი პუბლიცისტიკა, სადაც ის ქართული მწერლობის და საზოგადოების მთავარ ღირებულებებზე საუბრობს.
„არტინფო" გთავაზობთ ნაწყვეტს მისი პუბლიცისტური წერილიდან „მონოლოგი დიალოგიდან":
„მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია.
ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება. ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდაუვალობა.
ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია, პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს... „ან: ინტელიგენტს არ შეუძლია, პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს..."