logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ბილწთა ზავი
- +

25 მარტი. 2019. 14:00

 

 

სპორტის ზოგიერთ სახეობაში გამოიყენება ხოლმე ასეთი ხერხი: გუნდში ჰყავთ მოთამაშე, რომლის ფუნქციასაც მოწინააღმდეგის საუკეთესო მოთამაშის, ლიდერის მწყობრიდან გამოყვანა წარმოადგენს. ის მუდმივად ეუხეშება თავის ვიზავის, ეთავხედება და ამით ცდილობს ან ტრამვა მიაყენოს მას, ან მოთმინებიდან გამოიყვანოს და სხვა მიმართულებით გადართოს მისი ყურადღება. სამწუხაროდ, ასეთი ე.წ. „ჩამშლელები“ არცთუ იშვიათად აღწევენ ხოლმე მიზანს.

 

გვახსოვს პელეს, მარადონას, თუნდაც ჩვენი კახი ასათიანისა და დავით ყიფიანის ტრამვები, რაც თითოეულ მათგანს, მათ გუნდებს და გულშემატკივარს ძალიან ძვირად დაუჯდათ. ხშირია ასეთი „ტაქტიკური“ ხერხების გამოყენება ჰოკეისა და კალათბურთშიც. მოთმინებიდან გამოყვანის ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო მაგალითია ზიდანისა და მატერაცის ცნობილი ეპიზოდი ფინალიდან, რასაც შედეგად წონასწორობიდან გამოსული ზიდანის გუნდისთვის ჩემპიონობის დაკარგვა მოჰყვა.

 

„ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებულ ორგანიზაციათა და პირთა წრე დიდი ხანია შემოისაზღვრა. ესენია:

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქვედანაყოფები - „ევროპული საქართველო“ (ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ყველა კითხვა მოხსნა „უთანხმოებებთან“ დაკავშირებით), „ჯიბის“ ერთკაციანი პარტიები, სტაჟიანი და „ბრძოლებში გამოცდილი“, საეჭვო გრანტებით ნაკვები „სამოქალაქო სექტორი“, „გაურკვეველი“ წყაროებიდან დაფინანსებული მედია „რუსთავი 2“-ის წინამძღოლობით (ტვ პირველი, „კავკასია“ და სხვ.) და რამდენიმე ე.წ. ექსპერტი, რომელთა ნაწილიც სააკაშვილს „მუდმივ შტატში“ ჰყავს (მაგ. ხუხაშვილი, ცისკარიშვილი და სხვ.), ნაწილი კი „სახელშეკრულებოზე“, სიტუაციიდან გამომდინარე (საყვარელიძე, ლაგაზიძე, გამზარდია და სხვ.);

 

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ე.წ. „აუქციონის პარტიები“, რომელთა მიზანიც, მათი არსებობის მანძილზე, ლოკომოტივის (ანუ, ჯიბეზე ხელის გამკვრელის) მოძებნა იყო, რა თქმა უნდა, კონკრეტული მომენტის შესაფერისი სარფიანი პირობებით (ლეიბორისტული პარტია, ბერძენიშვილები თავის უსუფაშვილ-ხიდაშელით, ელისაშვილი, კუკავა და სხვ.);

 

სპორტის გუნდური სახეობებისგან განსხვავებით, ისეთი აბსურდული ვითარებაა შექმნილი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტ-ობიექტებიდან არცერთი არაა პოლიტიკური მოთამაშე, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და ყველა ე.წ. ჩამშლელია, ყველაზე ბინძური მეთოდებით.

 

რაც შეეხება მეთოდებს:

 

წესი პირველი - ხელისუფლებამ რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთოს, ის მაინც ნეგატიურად უნდა წარმოაჩინო - უნდა გალანძღო, უნდა გააქილიკო ან გაკეთებულის მნიშვნელობა უნდა დააკნინო. თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ „ერთგული“ ჟურნალისტების მეშვეობით თემის გადაფარვა,  ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა უნდა სცადო, სხვა „ნიუსი“ უნდა შემოაგდო (მაგალითად შვილმა მშობელი როგორ მოკლა, ან პედოფილი როგორ დასდევდა უბნის ბავშვებს და სხვ.);

 

წესი მეორე - სამიზნე მხოლოდ წამყვანი სახეები უნდა იყვნენ;

 

წესი მესამე - არც ერთმა დღემ არ უნდა ჩაიაროს ნეგატივის გარეშე.

 

ჩამონათვალის თანმიმდევრობა პირობითია, რადგან აღნიშნული „წესებიდან“ ყველა მთავარია. ყველა კონკრეტული თავდასხმის „წარმატების“ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ყველანაირი უკადრებლის კადრება, ტყუილითა და ცილისწამებით დაწყებული და შეურაცხყოფით  დამთავრებული.

 

მეტი თვალსაჩინოებისთვის მეორე „წესზე“ ვთქვათ ორიოდ სიტყვა - ამ ეტაპისთვის „ქართულ ოცნებაში“ ოთხი ლიდერი გამოიკვეთა: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და გიორგი გახარია. „ქართული ოცნების“ ოთხივე ხსენებული სახე წარმატებული ადამიანია პოლიტიკაშიც და პოლიტიკამდე ცხოვრებაშიც, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ სინდის-ნამუსზე ხელი აღებული გაქვს და სიბინძურის ფრქვევა ცხოვრების წესად გაგიხდია?!

 

ოთხივეს როლი სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ოთხივე ქმნის კონკრეტულ, მასშტაბურ პოლიტიკურ თუ მატერიალურ პროდუქტებს.

 

გიორგი გახარიას, მუდმივად, ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ ქვეყნის არევის მსურველთა შეუზღუდავი „პოლიტიკური“ თარეშის ფონზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის რეიტინგი მუდმივ ზრდას განიცდის და ერთ-ერთი მოწინავე ვართ ევროპის სახელმწიფოებს შორის;

 

კახა კალაძე არათუ გვახარებს, არამედ გვაოცებს კიდეც ყოველდღიური ახალი ამბებით. მან მუშაობის ერთი წლის თავზე უკვე დაიმსახურა კვალიფიციურ სპეციალისტთა და ყველაზე ობიექტურ შემფასებელთა დიდი ნდობა და დედაქალაქის საზოგადოების სიყვარული. ყველა მიმართულებით თვალშისაცემია ძირეული ცვლილებები - „სითი პარკი“, ავტობუსები, ტაქსი,   ინფრასტრუქტურული პროექტები, გენგეგმა, ჩარჩოებში მოქცეული მშენებლობები, ვაკის პარკის პრობლემა,.. სია ვრცელია და მრავალფეროვანი;

 

ირაკლი კობახიძე განსაკუთრებულ დახასიათებას მოითხოვს, რადგან განსაკუთრებული მოვლენაა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. მისი ხელმძღვანელობით და მისი დიდი პირადი ღვაწლით შემუშავებული (ფაქტობრივად ახალი) კონსტიტუცია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დოკუმენტია. ის რეალურად, მაღალი დემოკრატიული მოთხოვნების შესაბამისად, ცვლის პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში.

 

ქვეყნის ახალი მთავარი კანონის საფუძველზე, ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუციას მკაფიოდ განესაზღვრა საკუთარი უფლება-მოვალეობები და ხელისუფლების შტოებს შორის დამყარდა ის ბალანსი, რაც აუცილებელია მათი მაქსიმალური ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად. საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პარლამენტი „ნოტარიუსიდან“ და ორთქლის გამოშვების ადგილიდან იქცა პოლიტიკური პროცესების მთავარ ცენტრად.

 

მარტო ეს მოვლენა (ძნელია სხვა სიტყვის მოძებნა) სრულიად საკმარისი პირობაა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ირაკლი კობახიძემ, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, თავმჯდომარეობის ორ წელიწადში გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მისმა ყველა წინამორბედმა ერთად აღებული.

 

ასევე, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბოლო მოწვევის პარლამენტმა  ორ წელიწადში გააკეთა (ისევ და ისევ) იმაზე გაცილებით მეტი, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა სრული ოთხი წლის განმავლობაში.

 

რაც შეეხება პარლამენტის მაკონტროლებელ როლს - ამ ფუნქციის რეალური განხორციელება, ორი-სამი თვის წინაც კი, მგონი მარტო ბატონ ირაკლის თუ სჯეროდა. დღეს ეს პროცესი ქართველი საზოგადოების ყოველდღიურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის მმართველობა, ათეული წლების განმავლობაში ქაღალდზე დაწერილი სურვილიდან, რეალობად იქცა. 

 

ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ ფიგურას ფართოდ იმ უბრალო მიზეზის გამო მიმოვიხილავ, რომ მოწინააღმდეგეებში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს, რაც სრულიადაც არ არის გასაკვირი, რადგან ის არის პარტიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთავარი გამხმოვანებელი და მთავარი დამცველი საჯარო სივრცეში.

 

როცა სიმართლეს „გაჭრილად“ ამბობ, ტონზე შემოგედავებიან. „ოპონენტები“ სწორედ ამ ხერხის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის თავმჯდომარისთვის „პრობლემების“ შექმნას. მე ჯერ არ მინახავს, ირაკლი კობახიძესთან ვინმეს არგუმენტებით ეკამათოს, რადგან კარგად იციან, რომ ის არასდროს ამბობს იმას, რაც ცხრაჯერ არა აქვს გაზომილი და აწონილი.

 

ადრეც ვწერდი და კიდევ უნდა გავიმეორო - ირაკლი კობახიძის მაღალპროფესიული და პოლიტიკურად წვრილმანებამდე გათვლილი პრეზენტაციები კონსტიტუციისა და თვითმმართველობის თემებზე, აგრეთვე მისი მოხსენებები საერთაშორისო ფორუმებზე, ასწლეულების განმავლობაში იქნება დაცული საქართველოს პოლიტიკის ისტორიის ოქროს ფონდში. ერთსაც დავამატებდი - ქართული პარლამენტარიზმის ოცდაათწლიან ისტორიას პრეზენტაციების ასეთი დონე და ხარისხი, ასეთი სიმაღლეები არ ახსოვს.

 

მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში წესრიგი, სიმშვიდე და წინსვლისა და განვითარების ყველა საშუალება არსებობს, რომ თბილისს ასეთი მერი ჰყავს, რომ პარლამენტს ასეთი თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და ა.შ. და ა.შ. - არის ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ამის მთავარი და ერთადერთი შემოქმედია  ბ ი ძ ი ნ ა  ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ვისიც ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღიდან ირწმუნა და გვერდში დაუდგა. საბედნიეროდ, ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობა დღესაც სათანადოდ აფასებს ამ ღვაწლს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რისხვისა და აგრესიის მთავარი ადრესატიც სწორედ ის არის.

 

აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობას“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ყოველგვარი იმედი გადაეწურა, ამიტომ მთელი ძალებით რევოლუციურ სცენარზე გადაერთო. სცენარის სათაური ძველია - „ყველა ერთის წინააღმდეგ“. აქვე უნდა ითქვას, რომ გეგმას და სათაურს ორი დიდი ნაკლი აქვს: „ყველა“, ამ შემთხვევაში, მხოლობითი რიცხვის სიტყვაა და ნიშნავს „ნაცმოძრაობას“ თავისი ქვედანაყოფებითა და სატელიტებით და მეორე - ეს „ყველა“ უკვე კარგად ნაცნობი ცუდი წარსულია, ამ წარსულში დაბრუნებაა, დამნაშავეთა და უთავმოყვარეო მედროვეთა ერთობაა, ანუ - „ბილწთა ზავი“. 

 

„აგორებისთვის“, ამ ეტაპზე, შერჩეულია სამი თემა: „ძველი მოსამართლეები“, „ხაზარაძეს ჩაგრავენ“ და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების ინიციატივა.

 

რევოლუციური სცენარის მესვეურები კარგად აცნობიერებენ, რომ ხალხში, საზოგადოებაში, რევოლუციური განწყობები ნულოვანი ხარისხისაა და „ემიგრანტების ლაშქრის შემოსევაც“ უკვე ჩავარდნილი პროექტია. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გათვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, ანუ ე.წ. საარჩევნო რევოლუციაზე.

 

ზემოთ ჩამოთვლილი სამი თემიდან ცალ-ცალკე (ან თუნდაც ერთად) არცერთს არა აქვს „ხალხის უკმაყოფილების“ მუხტის გაჩენის პერსპექტივა, ამიტომ მთავარი აქცენტები ისევ სოციალური პრობლემებისკენ იქნება მიმართული. სხვა თემები, უბრალოდ, ვითარების  „დამძიმებისთვის“ იქნება გამოყენებული... და კიდევ ერთი - მათ დაფარული მოთამაშეების შეუფერხებელ მუშაობას, ან ამ უკანასკნელთა პოლიტიკაში შემოყვანას უნდა შეუწყონ ხელი.

 (გაგრძელება იქნება)

 

ბიძინა დვალი

10.03.2019

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner