(დასასრული)
მესამე თემა, რომლით სპეკულირებასაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, ხანგრძლივ პროცესად აქცევს, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაა. ყველაფრიდან ჩანს, რომ კამპანია პირდაპირ შედეგზე არ არის გათვლილი. მისი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩევლის მობილიზება.
წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვება ვერ მოხერხდება, რადგან ამის გაკეთება ფიზიკურად არის შეუძლებელი. შეუძლებელია იმიტომ, რომ ათასობით აქტივისტის მობილიზებას და შესაბამის ფინანსებს მოითხოვს.
როდესაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, უფრო „მწვავე“ თემების „ასაწევად“, ვერ ახერხებს, ერთჯერადად, მთელი საქართველოდან, სამი-ხუთი ათასი კაცის თავმოყრასაც კი („აუუ, რამდენი ვაართ ?!!) ხანგრძლივი აქციის ორგანიზებაზე საუბარიც კი სასაცილოა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელმოწერების შემგროვებლებს შეხვდებათ, არის ის, რომ „ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიმცემებიდანაც, ბევრი (თუნდაც საჯარო ინსტიტუციებში დასაქმებულები) არ ისურვებს თავისი მონაცემების ღიად დაფიქსირებას.
მიუხედავად ამისა, ვიცით რა, „ნაცები“ როგორ სიყალბეებზეც არიან წამსვლელები, წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაერქმევა მილიონი ხელმოწერა, შემდეგ ცესკო შეამოწმებს დოკუმენტაციას და სიებში აღმოჩნდება ბევრი ლაფსუსი, შემდეგ ამაზე „ნაცები“ ხან თვითონ და ხან ე.წ. არასამთავრობოების, ხანაც მაჭუტაძე-ბერძენიშვილ-უსუფაშვილ-კაციტაძე-ელისაშვილის, ხან კიდევ გვარამია-გრიგოლია-ჯანგირაშვილ-ჟიჟილაშვილ და ხუხაშვილ-საყვარელიძე-ლაგაზიძისა და ზოგიერთთა პირებით, კინაღამ ლომჯარია გამომრჩა, დასცემენ ყიჟინას, შემდეგ ამაზე ხელისუფლება იტყვის... და ა.შ. და ა.შ. და 2020წლის ზაფხულიც მოვა.
ერთი სიტყვით, რაც ზემოთ ითქვა და რაც კიდევ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოხდეს, ყველაფერი წყალია, ხოლო ნაღდი ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურად და მორალურად სრულიად გაუმართლებელია. ამას კატეგორიულად ვაცხადებ. მორალურად იმიტომ, რომ კონსტიტუციის ცვლილება ასე სწრაფად და თანაც ვიღაცის ხუშტურიდან გამომდინარე არ უნდა ხდებოდეს, თანაც იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციამ თვითონ ჩააგდო საკითხი და აგრეთვე, იმ ფონზე, რომ მიუხედავად ამისა, აღნიშნული რეფორმა უკვე გათვალისწინებულია 2024 წლის არჩევნებისთვის.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს - სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ასეთ პირობებში, როცა ასპარეზზე ორი პოლიტიკური ძალაა, რომელთაგან ერთი - აღიარებული დამნაშავე და რევანშისთვის განწყობილი ბოლშევიკურ-ფაშისტური წარმონაქმნი და როცა რამდენიმე ათეული თითოკაციანი ე.წ. პარტია პირდაპირ დახლზეა გამოდებული იმ თითო კაცის მიერ, პროპორციული არჩევნები სამარცხვინო და ამაზრზენ ბაზრად გადაიქცევა.
პოლიტიკური კვალიფიკაციის მთავარი მახასიათებელი თანმიმდევრულობაა. სწორედ ამ თვისებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“ და ამიტომაც მეიმედება მისი. ხელისუფლება მაშინ არის ძლიერი, როცა შემუშავებული აქვს ქვეყნის განვითარების ოპტიმისტური და ამავე დროს, რეალისტური პროგრამა და როცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განუხრელად იცავს სიტყვისა და საქმის ერთიანობის პრინციპს და როცა ამ გზაზე არ უშინდება არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი.
ოცდაათწლიანი ძარცვისა და ნგრევის (ამაში სულიერ ძარცვასა და ნგრევასაც ვგულისხმობ) შემდეგ, იმ დიდი პასუხისმგებლობის აღება, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია, ისედაც არ არის ადვილი საქმე. მაგრამ იმ ურთულეს პირობებში, რაც ჩვენ ქვეყანაში იყო და არის, ამას აკეთებდე ისე, რომ არც ერთხელ არ აჰყვე „დიდი და კეთილი მიზნებით“ საშუალებების გამართლების ცდუნებას, სასწაულის ტოლფასია.
თანმიმდევრულობა პოლიტიკური კვალიფიკაციის გარდა, პოლიტიკური ღირსების საზომიც არის. არ მჯერა მოსამართლეებისთვის აკრძალვების დაწესების მოთხოვნის სიწრფელის, როცა სისტემის ავტორებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას არ აყენებ. იგივე ითქმის ხელმოწერების შეგროვებაზეც. როდესაც შეგიძლია შენს მიერვე სისტემურ დანაშაულებში მხილებულ პოლიტიკურ ძალას ზავით შეეკრა, თუნდაც კეთილი მიზნებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროსტიტუტკა ხარ.
P.S. კარგა ხანს ვიკავებდი თავს ამის თქმისგან, მაგრამ სხვაც რომ არაფერს ამბობს, ვხვდები, რომ ამ საყოველთაო უთქმელობით მთელი საზოგადოება სირაქლემის პოზაში ვიყენებთ თავს. სამწუხარო ფაქტია, რომ ტელევიზია „პალიტრაც“, თანდათან, რომ იტყვიან - თვალსა და ხელს შუა, „რუსთავი-2“-ისა და „ტვ-პირველის“ „ტრენდზე დაჯდა“. ხმის ამოღების მიზეზი იგივეა, რაც აქამდე სიჩუმის მიზეზი იყო - ამ მედიაჰოლდინგის ზოგიერთი წარმომადგენელი მაღალი პასუხისმგებლობით არის ჩართული „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.
ვერასდროს ვერ ვიგებდი და ახლაც ძალიან მიჭირს ამის ახსნა, როგორ უნდა ახერხებდე, რომ ერთდროულად „აქაც“ იყო და „იქაც“? ეტყობა, იმ ზოგიერთისთვის, ამ ეტაპზე, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძესთან ერთობლივი ინტერესები უფრო „პრიორიტეტულია“, ვიდრე ობიექტურობა, ვიდრე ჟურნალისტური ეთიკა და ვიდრე სახელმწიფო ინტერესი.
მათ, ვინც „პალიტრაზე“ იშვიათად რთავს ტელევიზორს, მცირე სტატისტიკურ ინფორმაციას მივაწვდი: ბოლო ორი კვირის განმავლობაში (8-დან 21 მარტის ჩათვლით) არხის მთავარ პოლიტიკურ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიწვეული იყო „ქართული ოცნების“ 25 „მოსისხლე მტერი“, მაშინ როცა, ხელისუფლების მხოლოდ სამ წარმომადგენელს მიეცა საშუალება, ესაუბრა ტელემაყურებელთან.
P.P.S. „ქართული ოცნება“, ალბათ, დიდ მადლობას გადაუხდის შალვა შავგულიძეს იმ დახმარებისთვის, რაც ამ უკანასკნელმა გაუწია სახელისუფლებო გუნდს თავისი შინაგანად გულწრფელი გადაწყვეტილებით. შალვა შავგულიძე არის ხელისუფლების მიღმა მყოფი ოპოზიციისა და ცალკე აღებული თითოეული ფსევდო პოლიტიკოს-ლიდერის ჭეშმარიტი სახე, უტიპიურესი მაგალითი. ის არის ეპოქის მეორე უსუფაშვილი და მესამე ბერძენიშვილი.
რატომ უსუფაშვილი და ბერძენიშვილი... დღემდე ყველა თანმხდებოდა იმ შეფასებაში, რომ ქართველი „რესპუბლიკელი“ იყო ერთგვარი განზოგადებული სახე იმ პოლიტიკური სუბიექტ-ობიექტისა, ვინც მუდმივად ძლიერ პატრონს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად ყველა კომპრომისზეა წამსვლელი. საზოგადოების მიერ მათთვის ნიჭიერად შერქმეული პოლიტიკური მეტსახელი - „თეიმურაზ ხევისთავის სახელობის პოლიტიკური კლუბი“ - ათწლეულებს ითვლის.
თეიმურაზ ხევისთავისთვის ჯაყო ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ჯაყოსთვის თეიმურაზ ხევისთავი. ჯაყოების ასპარეზი მხოლოდ თეიმურაზ ხევისთავების გარემოშია. თავის მხრივ, თეიმურაზ ხევისთავები სასიცოცხლო ენერგიას მხოლოდ ჯაყოების მეშვეობით იძენენ, რადგან, სხვანაირად, დახურულ სივრცეში დაჭკნობით გადაშენებისთვის არიან განწირული. მართალია მათი ასეთი ყოფნა არყოფნის ტოლფასია, მაგრამ რას იზამ, არწივის მსგავსად, მცურავიც ღმერთისგან არის გაჩენილი.
P.P.P.S. ყველა დროში იყვნენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ისე არაფერი ზღუდავს თავისუფლებას, როგორც ზნეობა. საქართველოში დღეს ასეთი ადამიანები მრავლად არიანო, ამის თქმა უსინდისობა იქნება. უბრალოდ, პრობლემა ისაა, ყველა ზნეობისგან თავისუფალმა პოლიტიკაში რომ მოიყარა თავი.
ბიძინა დვალი
22.03.2019