logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან
- +

25 მარტი. 2019. 20:38

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას.

 

„ვფიქრობ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, რაც ასევე არის ასახული NATO-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. ეს თემა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველო-NATO-ს ურთიერთობის დღის წესრიგის, ერთ-ერთი მთავარი  მიმართულება. ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ცალკე საქართველოზე იქნება მსჯელობა ზუსტად შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს თემა არის საქართველო-NATO-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შავი ზღვა არის მოქცეული თავად NATO-ს მთავარ აქცენტებში და ფოკუსში, საქართველო როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და პარტნიორი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. მინისტრის შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-საქართველოს წვრთნები, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, ისევე როგორც NATO-სთან დაკავშირებული აქტივობები, გააზრებული იქნას NATO-ს მოახლებული საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში.

 

„წვრთნები, რომელიც პირველად ჩატარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეგიდით,  არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მსგავსი სახის წვრთნები საქართველოში NATO-ს ეგიდით არ ჩატარებულა. აღნიშნული ვიზიტი, ისევე როგორც ამ დღეების განმალობაში მთლიანად NATO-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იქნას აღქმული  NATO-ს მოახლოებული მინისტერიალის ფარგლებში.   მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  ასეთი დატვირთული დღის წესრიგი NATO-სთან არის ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტული ადგილი სწორედ NATO-სთან ინტეგრაციას უჭირავს.  ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მივდივართ, რა გზით მივდივართ, რა თანმიმდევრობით მივდივართ და ყველა ეს ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, ერთ დღე-ღამეში არ ხდება მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებების დაგეგმვა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნული შეფასება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც ვიზიტის დასრულების შემდეგ გაიმართა NATO-ს გენერალური მდივნის გაცილების ოფიციალური ცერემონია .

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner