logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
- +

26 მარტი. 2019. 10:25

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მაისში ტარდება მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში.  აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში.

 

რეგიონების განვითარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას ესაჭიროება კვალიფიციური კადრები და სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ მერობის კანდიდატები. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე.

 

„ქართული ოცნება“ ზუგდიდის  მერობის კანდიდატად წარადგენს ბატონ გიორგი შენგელიას. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში, ბატონი გიორგი ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს;

 

მარნეულში მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი.  გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება;

 

ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა ნაცმოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ  მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით;

 

ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას;

 

ხულოში მერობის კანდიდატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე. ბატონი ვახტანგი ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის დღემდე, ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი  და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ;

 

და ბოლოს, თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება - ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს, ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს.

 

ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner