„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, განსაკუთრებული ქალაქის, მისი ასევე გამორჩეული ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა“, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა.
როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ მთაწმინდის ოლქში გააგრძელოს საქმე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო.
„თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი, როგორც მოსახლე პოპულაციით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც უძველეს ქალაქს უდგას. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით ყველანი ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს გამართული იმ ენაზე მოუბარი, რომელსაც მოსახლეობა კარგად აღიქვამს. და მოსახლის სატკივარის, სწორი ტრანსფორმირება მოხდება საკანონმდებლო სივრცეში. ამ დიდებულ ქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილებისა და შვილიშვილების მიმართ“, - განაცხადა კახაძემ.
კითხვაზე, თავად ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა თუ არა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, ლადო კახაძე, განაცხადა, რომ შემოთავაზება მიიღო „ქართული ოცნებისგან“.
„შემოთავაზება მივიღე ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. ამ ოჯახის ყველა წევრმა, ყველა ბინადარმა, დღეს დაადასტურა, რომ მე ამ ოჯახში ვარ მათი ნებელობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნებელობა ორმხრივია და წარმატების საწინდარია“, – განაცხადა კახაძემ.
კითხვაზე, როგორ აფასებს თავის კონკურენტებს, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ საპაექრო ველი ორიენტირებული იქნება კარგი საქმის დაბადებაზე.
„მე ექიმი ვარ და ზოგჯერ კიბოსთან მაქვს საქმე, ზოგჯერ ტუბერკულოზთან, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს ორსულებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს საპაექრო ველი იქნება მომავალი შვილის დაბადებაზე ორიენტირებული, კარგი საქმის დაბადებაზე, ამიტომ თითოეულ მათგანს განვიხილავ, როგორც ერთის საქმის, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვეხმაროთ“, – განაცხადა კახიძემ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.