წამყვანი გერმანულენოვანი მედიასაშუალება „FAZ“ მწერალ გურამ დოჩანაშვილის იუბილესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ქართველ მწერალზე ტილმან შპრეკელზენი წერს.
„იკითხეთ და ისიამოვნეთ, გურამ დოჩანაშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდა“, - ასე დაასათაურა გამოცემამ სტატია, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეულ წარმომადგენელს მიუძღვნა.
„სამოსელი პირველი“ არის გენიალური წიგნი, რომელშიც ასახულია მარადიული ცხოვრებისეული თემები: სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, სიყვარული, მეგობრობა, სიმამაცე და ასე შემდეგ. გურამ დოჩანაშვილი მსოფლიო ომის მიჯნაზე დაიბადა. საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. გაიზარდა სტალინის ეპოქაში, საბჭოთა კავშირში. მამა ექიმი იყო, დედა დიასახლისი. სწავლობდა ისტორიის ფაკულტეტზე და მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ განყოფილებაში. იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შემდეგ საქმიანობა გააგრძელა მწერალთა კავშირში, სადაც გამოსცა რამდენიმე წიგნი“, - წერს გამოცემა.
ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა. გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“, ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.