თბილისი მსოფლიოს „100 მდგრად ქალაქს" შორის მოხვდა. პროექტს „100 მდგრადი ქალაქი" როკფელერის ფონდი ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად, 1 მლნ გრანტის ფარგლებში ეხმარება.
„100 მდგრადი ქალაქი" ითვალისწინებს ქალაქების მდგრადობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, მათ შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ.
კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ ქალაქები, რომლებიც: აცნობიერებენ რისკს სხვადასხვა სტიქიური უბედურების, სოციალური პრობლემების არსებობის შესახებ და აყალიბებენ ადაპტირებულ, ინოვაციურ მიდგომებს ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით, შეუძლიათ გახდნენ ქსელის აქტიური წევრები და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად შეცვალონ მიდგომები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.
კონკურსში გამარჯვებულმა ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო საქალაქო მდგრადობის სტრატეგია, გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურების და სოციალური პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების გამონახვაზე. მათ შორის, დანიშნონ მდგრადობის საქმეთა კოორდინატორი. ითანამშრომლონ „100 მდგრადი ქალაქის" წევრებთან და მათ პარტნიორებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება მდგრადობის გაუმჯობესებისა და სტრატეგიის დანერგვისათვის.
როკფელერის ფონდი „100 მდგრადი ქალაქის" კონკურსში გამარჯვებულებს სთავაზობს: გრანტს მდგრადობის კოორდინატორის თანამდებობის შექმნისა და დაქირავებისთვის, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებას; ტექნიკურ მხარდაჭერას მდგრადობის ამაღლების კომპლექსური მიდგომების შემუშავებისთვის და ა.შ. ჯილდოს რაოდენობა ქსელის წევრების შეხედულებისამებრ, 1 მლნ დოლარის ფარგლებში დადგინდება. „100 მდგრადი ქალაქის" წევრები მიიღებენ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინოვაციები, ტექნოლოგია, ინფრასტრუქტურა, მიწათსარგებლობა, საზოგადოებრივი და სოციალური მდგრადობა.
პროექტის განხორციელება როკფელერის ფონდმა 2013 წელს დაიწყო და თავდაპირველად 32 ქალაქი შეარჩია. მოგვიანებით, 2014 წელს 94 ქვეყნის 330 აპლიკანტიდან ქსელში კიდევ 35 ქალაქი ჩაერთო. კონკურსის ბოლო ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ თბილისი 325 აპლიკანტს შორის შეარჩია.
თბილისთან ერთად „100 მდგრადი ქალაქის" წევრები არიან : ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო-დე-ჟანეირო და სხვ.