logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ნეტაი ჩვენ ყველას, რომ გვყავს ასეთი კაცი - ბატონი გურამ დოჩანაშვილი...
- +

26 მარტი. 2019. 13:22

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღეს დავიწყებ პირდაპირ სილამაზით...

 

„ალუბლის კენჭივით მაგარ, ციცქნა ბურთულებს სითეთრე შეერია, ლეღვის ხაოიანი

ფოთლების მიღმაც ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა ნაყოფი, წითლად ასაჩახჩახებელი

ბროწეულის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ ღობეების გასწვრივ, წვიმდა...“

 

ასეთი გულ-გაზაფხულიანი წვიმა იცის კაცმა, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, ზუსტად 80 წლის წინ, 1939 წლის 26 მარტს... გურამ დოჩანაშვილმა...

 

ისე მიყვარს, რომ მასზე წერაც კი მერიდება...

 

ისეთი სულით მაღალი და ამავე დროს, თავმდაბალი ადამიანია, რომ ზედმეტ ქებასაც კი გავურბივარ... გულუწრფელობაში რომ არ ჩამეთვალოს...

 

სულ მახსოვს მისი სიტყვები - „ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ესეც ხომ საკუთარი სიკარგის დაგროვებაა, დაგროვება კი, თანხისა არ იყოს, შეგცვლის... ჩუმ-კარგი უნდა იყო. ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო...“

 

არადა, რა ძნელი და ღირსეული რამ ყოფილა ეს ჩუმ-კარგობა...

 

ბატონი გურამი ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ქალაქი, მაგრამ ზოგჯერ ამის შესახებ თვითონაც არ ვიცით...

 

მე, ვგრძნობ რომ მაქვს, მაგალითად მაშინ, ბატონი გურამის წიგნებს რომ ვკითხულობ...

 

ასე მგონია, ცოტაც და მისამართსაც ამოვიკითხავ...

 

ვცდილობ გავიგო და ბოლომდე ჩავწვდე მის სიტყვებს... არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა ისე წეროს, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ამოიღებ და ვერ ჩათვლი ზედმეტად, ერთ შეძახილსაც... ერთ სასვენ ნიშანზეც არ დაისვენო...

 

ისე გასწავლოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სულ არ გაღიზიანებდეს ის, რომ აქამდე არ იცოდი ან ამაზე საერთოდ არც გიფიქრია...

 

მიჰყვები მისი სიტყვების დინებას და თითქოს, მისი თანამოზიარე და თანამოაზრე ხდები და ვითომ, შენც აქამდე ასე ფიქრობდი... ზოგჯერ კითხულობ და თავსაც უქნევ... მეორე დღეს კი აფრქვევ სიბრძნეს, ყოველგვარი საავტორო უფლებების დაცვის გარეშე. იცი, რომ ავტორს არ ეწყინება, გაუხარდება... ამაშია, ალბათ, ბატონი გურამის საოცარი მიმტევებლობა და ლმობიერება...

 

მე რა უფლება მაქვს, შევაფასო ბატონი გურამის შემოქმედება... მე შემიძლია შევაფასო მხოლოდ ის, როგორ მჭირდება მისი არსებობა ამ დედამიწაზე...

 

შევაფასო ის სითბო, რაც მეღვრება, როდესაც მის წიგნს ვიღებ ხელში, ის ტკივილი, მაგრამ საჭირო და იმედიანი, ის სევდანარევი ელეგანტური იუმორი, კიდეზე რომ მიჰყვება ფურცლებს, ის ბედნიერება, რომ მაქვს საშუალება, ვეზიარო მის შემოქმედებას...

 

ის სიმაღლე და ის სივრცე, რომელსაც მის გარეშე ვერც მივწვდებოდი და ვერც ჩავწვდებოდი...

 

„ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე“.

 

რამდენჯერ ყველაზე საჭირო წუთებში დამჭირვებია ბატონი გურამის ამ სიტყვების გახსენება... რამდენჯერ შევჩერებულვარ, თავი შემიკავებია... შურის შორიდან, მაგრამ გლახად მოციმციმე ჩრჩილი მომიცილებია, თავი დამიფასებია და დაჩაგრულსაც, სიამაყე გამომიჩენია...

 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ ბრძანა - „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო“...

 

ზუსტად გუშინ ვკითხულობდი ბატონი გურამის ბავშვურ მოგონებებს...

 

თურმე, მის მამას, სამხედრო ექიმს, ბატონ პეტრეს ყოველ წელს ახალ შინელს აძლევდნენ... ის ლურჯად ღებავდა და მომდევნო წელს, გურამს გადასცემდა... გადაუკეთებდნენ ამ შინელს და დადიოდა სკოლაში. შემდეგ წელს იგივე შინელი ეცვა ერთი წლით უმცროს მეზობელ ჯულიეტას, იმასაც რომ დაუპატარავდებოდა, გადასცემდნენ გურამის ნათესავს ზურიკოს... თანაც, შინელი ლურჯი რომ იყო, გურამი კლასში მაგარ ჩამცმელად ითვლებოდა...

 

ერთხელ კი, ბატონი გურამი (3-4 წლის იყო) და ძალიან გაუბრაზებია ბებია... მან არტისტულობით გამოუცხადა - „აღარ ხარ აწი ჩემი შვილიშვილიო“ , გაიბუტა და გავიდა „ახლოსაგასტროლო მეზობლებში“, მალევე დაბრუნდა, მაგრამ გურამი არსად არ დახვედრია... გამოვარდნილა გარეთ და დაწევია პატარა გურამს აღმართში, სადაც ის „ბარგით დატვირთული“ ტოვებდა სახლს... ბარგი კი შედგებოდა - ორი ყველაზე საყვარელი - მგლის და გოჭის ნიღბებისგან და რატომღაც 2 პატარა ღილისგან... „ახლაც არ ვიცი და მაშინ ხო აბა რა მეცოდინებოდა, თუ საითკენ დამიდვია ბუტია თავი, ქვეყანა დიდია... განსაკუთრებით ბავშვისთვის“, - იხსენებს ბატონი გურამი...

 

მე კი მგონია, რომ ბატონი გურამი გულში დღემდე ბავშვი რჩება - ისეთივე სუფთა და გულწრფელი... და ზოგჯერ, იბუტება კიდევაც...

 

ჩვენ თუ გვიჭირს, მასაც ხომ არანაკლებად უჭირს ის, რომ გვიჭირს ჩვენ...

 

ყველა ადამიანს წიგნის წაკითხვისას, განსაკუთრებით საკუთარი, ძალიან „მისი“ რაღაცები ამახსოვრდება...

 

ჩემთვის ეს არის ფართოჯიბიანი შარვალი - „ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს“...

 

აუცილებლად, ლტოლვილისა და დომენიკოს დიალოგი გვიმრაზე, საკულმინაციო...

 

„აჰ, ეგა? - მიმოიხედა დომენიკომ და ზიზღით დაუმატა, - გვიმრა.

- როგორ?

- გვიმრა.

- რა უცნაური მცენარეა, რამეში თუ გამოიყენება...

- არა, არაფერში... რამეში რომ გამოიყენებოდეს, ამდენი იქნებოდა?

- აჰ, არა, არა, ეგ არ გაიფიქრო, - ხელი გაასავსავა ლტოლვილმა, - რაღაი ამოდის, ალბათ გამოიყენება კიდეც.

- რაში?

- მე არ ვიცი, რაში... თქვენ უნდა იცოდეთ.

- არ გამოიყენება და რა ვქნა...

- შეუძლებელია, - განაცხადა ლტოლვილმა.

- აგერ, ვისაც გინდათ, იმას ჰკითხეთ...

- არა, მე კი მჯერა, რომ არ იციან... მაგრამ არ შეიძლება, რაიმე დანიშნულება რომ არა

ჰქონდეს.

- რასა, გვიმრას? - აგდებულად გაიღიმა დომენიკომ, - მაგას ღორებიც არა ჭამენ.

- ეგ არაფერს ნიშნავს.

- თხებიც არ ჭამენ, არც ცხვრები, შიმშილით რომ კვდებოდნენ, პირს არ დააკარებენ.

- მართლა? რა უცნაური მცენარე ყოფილა, - დაინტერესდა ლტოლვილი და ერთი შტო მოწყვიტა, - ხედავ, როგორი ყოფილა?

- როგორი?

- აი, ერთად როცაა, ბუჩქად, მართლაც რომ შეუხედავია, მაგრამ აბა, ერთი შტო დაიჭირე მაღლა და ისე გახედე, მშვენივრადა აქვს ასხმული ფოთლები... და ფოთლებიც რა უცნაურია... - ლტოლვილი ისევ წამოწვა, ხელში ატრიალებდა შტოს.

დომენიკო გაკვირვებული შესცქეროდა.

- და შენ კიდევ ამბობ, არაფერში გამოიყენებაო“...

 

ბოლო ფრაზა ხომ მკლავს...

 

გეხვეწებით, ამ ერთსაც დავდებ, რა!!!

 

„ზღვაც აღარ იცი? ზღვა ბევრი, ძალიან ბევრი, დიდი წყალია.

- აა...

- ეეჰ, დომენიკო, დომენიკო, - შეაცქერდა ლტოლვილი - ნეტაი შენ.

- რატომ?

- რატომ და ეგრე ჯობია.

- როგორ - ეგრე?

- ზღვა და გემი რომ არ იცი, ეგრე. შენ ალბათ, მტერიც არა გყავს.

- რად უნდა მყავდეს, ცუდი ადამიანი კი არ ვარ.

- ეეჰ, - გულიანად გაუღიმა ლტოლვილმა, თავი გვერდზე გადახარა და ისე შეხედა, -მართლაც რომ ნეტაი შენ, დომენიკო“...

 

ნეტაი ჩვენ ყველას, რომ გვყავს ასეთი კაცი - ბატონი გურამ დოჩანაშვილი...

 

კაცი, რომელიც ყოველთვის გაძლევს იმის იმედს, რომ ადამიანს ყველაფერთან შებრძოლება შეუძლია, თუ ადამიანად დარჩება...

 

კაცი, რომელიც გვათბობს თავისი განუმეორებელი ღიმილით...

 

კაცი, რომელსაც პირადად შეიძლება არ იცნობდე, მაგრამ ბოლომდე შენიანია...

 

ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ სულით არ ჩამოლაბორანტდები...

 

ხომ გახსოვთ, „იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო. თქვენს კლდოვან სულში!!!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ამაღლებულ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner