პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჟენევის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი ჟენევის ფორმატის შინაარსის ცვლილებას დათანხმდეს.
„რასაკვირველია, პრეზიდენტის ეს მოსაზრება მისასალმებელია. ეს არის სწორი პოზიცია პრეზიდენტისა, რომელიც სხვასაც გამოუთქვამს მანამდე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მაგრამ ლობირება ის არის, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს რუსეთს და ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი წავიდეს ჟენევის ფორმატის შინაარსის შეცვლაზე, ისე კი ვერ ამაღლდება დონე, ვერ გაიმართება დიალოგი, თუმცა, ცდა ყოველთვის ჯობს უმოქმედობას. ვფიქრობ, რომ ცდა არის სწორი, გეზი არის სწორი. მართალია, ეჭვი მეპარება დადებით შედეგში, მაგრამ მუშაობა მაინც საჭიროა.
რაც შეეხება ტრიბუნას, რომელსაც ახსენებდა პრეზიდენტი, შეიძლება იგულისხმებოდეს გაერო-ს ტრიბუნა, ევროკავშირის ტრიბუნა და ბუნებრივია, გამოსაყენებელია ეს ტრიბუნები, მაგრამ როგორი შედეგი ექნება, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟენევის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის, გუშინ, Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი „უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს", ვინაიდან აღნიშნული ფორმატით არ შეგვიძლია გადავჭრათ კონფლიქტი, რადგან ის მხოლოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული.