„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლებრივი პასუხია არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა“, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა.
ქაცარავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არის სამართლებრივი პასუხი იმ არაადამიანური მოპყრობის მიმართ, რაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.