logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ
- +

26 მარტი. 2019. 20:20

 

„მისასალმებელი ფაქტია, რომ დედაქალაქში, მრავალი წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა დღეს უკვე დასრულებულია და შენობაში სავაჭრო სივრცე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალით გაიხსნა. მომხმარებელმა იცის და მეც, ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო,  რომ ხარისხიანი, მათ შორის ქართული ხარისხიანი პროდუქციის მიმართ, „აგროჰაბში“ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და ეს ქსელი ასეთი პროდუქციის სტაბილური მომწოდებელია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის გახსნის კომენტირებისას.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები მთავრობის გუნდს  ხშირად ახსენებენ 100 საწარმოს შესახებ და მუდმივად ცდილობენ წარმოაჩინონ ის, როგორც შეუსრულებელი დაპირება, რეალობა კი საპირისპიროა.

 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო ხელშეწყობით, მხოლოდ აგრარული მიმართულებით, 190 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი  და შემნახველი  საწარმოები და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური თანხა  316 მლნ ლარზე მეტია.  ასევე 900-მდე საწარმოს გადაიარაღებაში და განვითარებაში დავუდექით გვერდით.

 

სოფლის მეურნეობა სპეციფიკური დარგია, დღეს ჩადებული ინვესტიცია მეორე დღეს შედეგს ვერ გაძლევს და მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქართულ საცალო ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ და ეს ჩვენი ხელშეწყობით და დაფინანსებით გახსნილმა, მათ შორის ახალმა საწარმოებმა შექმნეს. ესაა კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომლის უკან დგას უამრავი დასაქმებული ადამიანი და ვისაც ამის დანახვა არ სურს, ის უბრალოდ არაობიექტურია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ  მარკეტებში ქართული პროდუქციის წილი რამდენად მცირე იყო. დღეს კი, ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი ქართული პროდუქტია ქსელში, რომელიც  ძალიან მაღალ კონკურენციას უწევს უცხოურს.

 

„საწარმოების გარდა, გაშენებულია და კვლავ შენდება ახალი ბაღები, შედეგად, ბაზარზე ეტაპობრივად მატულობს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქცია. ქართული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბაზრებზეც. სულ მალე ბიომეურნეობების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რაც ქართველ მეწარმეებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანი ბიოპროდუქციის მიმწოდებლებიც გახდენენ, როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner