„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის ერთ-ერთი სატყეო უბნის ტყის მცველმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების - ნაძვების ამოთხრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4000 ლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის და დანაშაულებრივ ქმედებაში მისი თანამონაწილის დაკავება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.