„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გ.კ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ.მ-ს სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხ.მ ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ძებნილი გ.კ. 2018 წლის 2 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.