logo_geo
eng_logo
საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
- +

27 მარტი. 2019. 12:12

 

 

27-28 მარტს საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან.

 

საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, NATO-ს სამხედრო კომიტეტი დღეს სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.

 

NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ.

 

28 მარტს, NATO-ს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. ამავე დღეს, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ ძირითადად NATO-ს სამხედრო კომიტეტი ტარდება NATO-ს წევრ ქვეყნებში. საქართველოში მათი ვიზიტი უკვე მესამეჯერ ხორციელდება, რაც ადასტურებს იმას, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

„საუბარი იქნება თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თანამშრომლობის გაძლიერებაზე. თავად ფაქტი, რომ სულ ახლახან NATO-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა საქართველოს და ახლა NATO-ს სამხედრო კომიტეტი ტარდება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს NATO-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner