logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასამართლოს გარეთ მედიატორს მიმართონ
- +

27 მარტი. 2019. 12:56

 

 

„მედიაცია რომ განვითარდება, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასამართლოს გარეთ მედიატორს მიმართონ, რომელიც სერტიფიცირებული და კვალიფიციური პირი იქნება ან სასამართლოში მივიდეს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით,  მედიაცია შემოვა როგორც არჩევანი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბიზნესმენებისთვის, რათა მათი დავები მედიატორმა განიხილოს და წლების განმავლობაში არ ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით გავმართეთ შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტი გავაცანით. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალში უნდა ისარგებლონ მედიაციის კანონით, რეფორმით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სთავაზობს უკვე მომავალი კვირიდან კომიტეტებში განსახილველად.

 

მთავარი არის ის, რომ მედიაცია შემოვა როგორც არჩევანი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბიზნესმენებისთვის, რათა მათი დავები განიხილოს მედიატორმა და წლების განმავლობაში არ ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. რადგან დღეს სასამართლო გადატვირთულია მიკროდავებით, მნიშვნელოვანი დავებით და ეს ყველაფერი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს, მათ შორის მეც მაქვს თაროზე შემოდებული სასამართლო დავა და ველოდები მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წულუკიანის თქმით, მედიაცია რომ განვითარდება, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ან სასამართლოს გარეთ მედიატორს მიმართონ, რომელიც სერტიფიცირებული და კვალიფიციური პირი იქნება ან სასამართლოში მივიდეს, მაგრამ ვიდრე მოსამართლე დავას განიხილავს, შეეძლებათ ისარგებლონ  სასამართლო მედიატორის, ასევე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პირის მომსახურებით.

 

„მედიაცია იმისთვის არის კარგი, რომ განხილვის პროცესი არ არის საჯარო, მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ დისკუსიაში არიან ერთმანეთთან და მედიატორი ხელს უწყობს ამ დისკუსიას, უსმენს ინდივიდუალურად ან ერთობლივ შეხვედრებზე. გამოსავალიც ასე უფრო მშვიდობიანი გზით, მარტივად გამოიკვეთება ხოლმე. ჩვენ ეს ვნახეთ მიწის რეგისტრაციის რეფორმისას, როდესაც ბოლო სამი წლის მანძილზე 2 000-ზე მეტი წარმატებული მედიაცია გვაქვს ქვეყანაში და ელემენტარული გადაფარვებისა და სამეზობლო დავებისთვის ადამიანები სასამართლოს აღარ მიმართავენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner