logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ჩვენთან ინვესტიციების განხორციელების მხრივ კვალიფიკაცია ერთ-ერთი დაბრკოლებაა
- +

27 მარტი. 2019. 12:59

 

 

„არაერთი კვლევის შედეგი, ასევე ქართველი და უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა მეტყველებს, რომ კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, რომელმაც დღეს  სასტუმრო „რედისონში“ პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.

 

ქობულიას თქმით, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა იწყება, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

 

„ჩვენ, სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა, რომლის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი კერძო სექტორის განვითარებაა, ჩვენს როლს ვხედავთ, როგორც ხელშემწყობს. ჩვენ ვართ ხელშემწყობი კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

მისი თქმით, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ინვესტორებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო თავს ვალდებულად მიიჩნევს, მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს.

 

„ამ შემთხვევაში, ეს ეხება პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც პრინციპში უკვე დაიწყო. დღეს საუბარი გვქონდა ორ ძირითად სექტორზე: ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რატომ ტურიზმი - რადგან ეს არის ჩვენი ძირითადი სექტორი და გვსურს, ამ სფეროში მომსახურების ხარისხი გავზარდოთ, ასევე დავამატოთ მომსახურებისა და ტურიზმის სფეროში ადამიანები, რომლებიც მომავალ წლებში ამ მიმართულებით მოსალოდნელ ზრდას უზრუნველყონ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

ქობულია ასევე აღნიშნავს, რომ  მოსალოდნელია, რომ რამდენიმე წელში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება.

 

„ასეთი ოდენობის ხალხის მომსახურებას ძალიან დიდი სერვის-მანქანა სჭირდება, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მინისტრის თქმით, აღნიშნული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრები ძალიან მოთხოვნადი არიან საერთაშორისო ბაზარზე.

 

„წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი მუშაობს საქართველოში, ფიზიკურად აქ ზის, ემსახურება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ავსტრალია, ევროპა, აქ იღებს ხელფასს და ქვეყანაში  უცხოური ვალუტა  შემოაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ქობულიას თქმით, არის სპეციალური პროგრამა სამშენებლო სექტორისთვის.

 

„დღესდღეობით, პროგრამა, რომელიც დავაანონსეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში, გაწერილია 3000 ადამიანზე და 2.5 მლნ აშშ დოლარი ჯდება, რომლის დაფინანსებაში პრაქტიკულად სრულად, მსოფლიო ბანკი გვეხმარება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქ არის ძალიან რთული ბიუჯეტირება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ამ საკითხში არ უნდა დავზოგოთ თანხები. აქ უნდა დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია, რადგან ამაზე უფრო სასარგებლო და ამაზე უფრო შედეგიან საკითხში მთავრობა და სახელმწიფო ფულს ვერ დახარჯავს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში წელს ტურიზმის სფეროში 1 500 ადამიანის გადამზადება იგეგმება. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით კი, წლიურად 50 000-მდე ადამიანის პროფესიული გადამზადებაა გათვალისწინებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner