„ცოტა მეტი პატივი ვცეთ საქართველოს მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტს უყურებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის რამდენიმე წევრს შორის დაპირისპირებაზე განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ადამიანებს უნდათ, დაინახონ, რომ პარლამენტი მუშაობს მათთვის და პირადი კინკლაობა, შეურაცხყოფები, ზღვარგადასული აგრესია და სიძულვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გაღიზიანებას იწვევს.
„ყველამ, მარტო ეკას არ ეხება, ცოტა მეტი პატივი ვცეთ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტს უყურებენ. ვფიქრობ, რასაც ხედავენ, ძალიან ცუდი საყურებელია. ადამიანებს უნდათ, დაინახონ, რომ პარლამენტი მუშაობს მათთვის და ეს პირადი კინკლაობა, შეურაცხყოფები, ზღვარგადასული აგრესია, სიძულვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, ყველას აგრესია გაღიზიანებას იწვევს. მესმის ამ ადამიანების, რადგან მე რომ ვუყურებდე ამას ტელევიზორიდან, საშინლად გამაღიზიანებელი იქნებოდა. ასე რომ, ამ თემების გარჩევაში არ შევდივარ, ამაზე არ მინდა არც საჯაროდ ლაპარაკი. გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ვინც მეტ პატივს სცემს საკუთარ ამომრჩეველს და მოქალაქეებს, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და მეტად უყვარს ეს ქვეყანა, იმან უნდა შეწყვიტოს იმ სურათის შექმნა, რა სურათიც დღეს პარლამენტიდან ჩანს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სატელეფონო გზავნილში, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მამუკა მდინარაძის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება ინფორმაციული ხასიათის იყო. მანამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.