სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური, ეს არის საქართველოს ძლიერებისა და დამოუკიდებლობის დღე, დღეს ასევე კრძალავენ გიგა ოთხოზორიას.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგა ოთხოზორია შეეწირა იმ უსამართლობას, რომელიც დამკვიდრდა წლების მანძილზე. მე დიდი იმედი მაქვს, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რომ ეს პრობლემები სამუდამოდ მოგვარდეს", - განაცხადა დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართველ ხალხს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ეს ჩვენი დღეა, თქვენი დღეა, ეს არის ყველა ქართველის დღე. ჩვენ ტრადიციულად წარმოდგენილი ვართ სოფლის მეურნეობის კუთხით, ვცდილობთ, ყოველ წელს ვიყოთ ორიგინალურები, განსხვავებულები და მე მგონი, ეს წელსაც გამოგვივიდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.