საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სთხოვს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სოციალური სამუშაოს სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს არც ერთი დღით, არც ერთი წამით არ ექნათ შეფერხება სერვისების მიწოდებაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტი იყოს ყველასთვის თანაბარი და მჯერა, ასეც არის. ამ პრიორიტეტის განსახორციელებლად არის ერთადერთი გზა, სამუშაო პროცესში დაბრუნება, მე არ ვგულისხმობ სამუშაო ადგილებზე, ეს მათი გადაწყვეტილება არის, მე ვგულისხმობ იმ საბჭოს შემადგენლობაში მუშაობის გაგრძელებას, რომლის წევრებიც თავად არიან. ერთი მეორეს არ უშლის ხელს, მათი არჩევანი თუ არის გაფიცვა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ სამოქმედო გეგმის განხილვის სამუშაო ფორმატში,“ - განაცხადა დავით სერგეენკო.
დღესვე დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ის 4-პუნქტიანი სამუშაო გეგმა გააცნო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების პასუხად შეიმუშავა.
„სოციალურ მუშაკებს ქონდათ ძალიან ბევრი სამუშაო და იყვნენ ერთი-ერთი რთული გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესში. გეგმის პირველი ნაწილი არის ამ ტვირთისგან მათი განტვირთვა, ჩამოშორება ისეთი საქმეების, რაც პრობლემებს უქმნის და ეს უკვე დაწყებულია. მეორე ნაწილი არის პროფესიული მხარდაჭერა, რომ ისინი ერთი ერთზე აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ და ესეც შესრულებულია. მესამე - ტექნიკური მხარდაჭერა, ტრანსპორტზე იყო აქცენტირება. ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა, ყველა რეგიონში თითო მანქანა გამოიყო, თბილისში კი, დამატებით ორი. უახლოეს ერთ კვირაში გვექნება პლუს 11 მანქანა. დღეს საღამომდე სამინისტროდან ვანაწილებთ რამდენიმე მანქანას. ვფიქრობ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ეს საკითხი მოიხსნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.