24 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან, ჯეფრი ფელტმანთან. შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში გაერო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა მოლაპარაკებების მთავარ თემებზე - ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საკითხი. ხაზი გაესვა, რომ საქართველო მოწადინებულია კონსტრუქციულად განაგრძოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით.
საუბარი ასევე შეეხო გაერთიანებული ერების ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებს. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა გაერო-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა ორგანიზაციის მზაობა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგებასა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადაწყვეტას.