თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრო/რაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
„მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, მოეწყობა 200 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება - ეს არის გამწვანების ღონისძიებები თუ გარე განათების სისტემის მოწყობა. კეთილმოწყობის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე მაისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე, საყრდენი კედლისა და ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება გზის საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.
პროექტის ფარგლებში, საყრდენ კედელზე მოეწყობა მოაჯირები, ტროტუარი, ბორდიური, სატრანსპორტო კვანძზე - გამყოფი კუნძულები და სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის გათვალისწინებული პანდუსები. საერთო ჯამში, დაიგება 17 000 კვადრატული მეტრი გზის საფარი.
სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს. რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 799 012 ლარი დაიხარჯება.
საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ვოლსკი გაეცნენ.