logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო პროფესიონალური და სიღრმისეული გახდეს პარლამენტის საქმიანობა
- +

27 მარტი. 2019. 20:43

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის ახალი საზედამხედველო ფუნქციის - თემატური მოკვლევის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, პარლამენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებაზე. ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ქვეყანაში შეასრულოს იმისგან განსხვავებული როლი, ვიდრე ტრადიციულად ასრულებდა. როგორც იცით, პარლამენტი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ძირითადად საკანონმდებლო საქმიანობით იყო  დაკავებული  და ნაკლებად ახორციელებდა საკონტროლო ფუნქციებს, ანუ ნაკლებად აკვირდებოდა იმას, თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ნაკლებად იკვლევდა იმ თემატიკებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერსებს.

 

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ეს მიმართულება ძალიან სერიოზულად არის გაძლიერებული, რაც გამოიხატება რამდენიმე ფორმით. თქვენ ალბათ აკვირდებით მინისტრების საკმაოდ ინტენსიურად მოსვლას საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის პროცედურებს, მინისტრის საათის პროცედურებს, ოპოზიციის მიერ მთავრობის წევრების დაბარებას და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი ატარებს უფრო პოლიტიკურ დატვირთვას და პოლიტიკური შინაარსის მექანიზმებია.  ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო პროფესიონალური და სიღრმისეული გახდეს პარლამენტის საქმიანობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ  საზოგადოება პარლამენტის მხრიდან ელოდება, დაინახოს რას საქმიანობენ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.  მისივე თქმით, მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პარლამენტის ეფექტურად მუშაობას: თემატურად, შინაარსობრივად და კონცენტრირებულად, უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ერთ-ერთი მათგანია  - თემატური მოკვლევები.

 

„ეს არის მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად არის დამკვიდრებული ევროპული პარლამენტების, განვითარებული პარლამენტების პრაქტიკაში. არ არსებობს კარგი პარლამენტი, რომელიც თემატურ კვლევებს არ იყენებს ძალიან ეფექტურად და კარგად იმისთვის, რომ მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირებულად იმუშაოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მისივე განმარტებით, თემატური მოკვლევები შესაძლებლობას იძლევა, დროის გარკვეულ პერიოდში (საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში 3 თვის ვადაში)  საზოგადოებას აცნობოს,  რომ კონკრეტულ მნიშვნელოვან თემებზე  იწყება ინფორმაციის და მტკიცებულებების მოგროვება ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან.

 

„ვაგროვებთ წუხილებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, ნებისმიერი ტიპის ანალიტიკურ ინფორმაციას, ვმართავთ ღია შეხვედრებს და ვპოულობთ გამოსავალს სიტუაციიდან. ანუ, პარლამენტმა შედეგად უნდა თქვას, როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება და შემდგომ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება.  საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის წევრმა,  კახაბერ კუჭავამ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე მაშინ დაიწყო თემატური მოკვლევა, სანამ თემატური მოკვლევა, როგორც მექანიზმი გაჩნდებოდა ჩვენს კანონმდებლობაში.  ახლა  ეს მექანიზმი უკვე არსებობს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს ექვსი თემატური მოკვლევა შემდეგ თემებზე: ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისში,  მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა, მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში, სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა.

 

„სულ მალე, ჩვენ დაგვემატება ბევრი სხვა მოკვლევა იმიტომ, რომ კომიტეტებმა და პარლამენტის წევრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ მექანიზმების გამოყენება. პარლამენტმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა კანონმდებლობაში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევების გარდა, ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულია სხვა მექანიზმებიც, რომლებიც პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს მისი საქმიანობა კიდევ უფრო სიღრმისეული გახდეს და ერთ-ერთი მათგანია  კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს პროცესში მხარდაჭერისთვის.

 

„ყველაფერი რაც გაკეთდა საპარლამენტო რეფორმის კუთხით იყო უმეტესწილად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, სწორედ  საერთაშორისო ორგანიზაციების -  გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, ვესტმინსტერის ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიერ. ამ დახმარებას ჩვენ ვიყენებთ ძალიან ეფექტიანად და სწორად, რომ ეს შესაძლებლობა, რომელსაც მეგობარი ქვეყნები გვაძლევენ, გამოყენებული იყოს საქმისთვის და შედეგებისთვის“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მუნხტუია ალთანგერელმა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელმა საქართველოში, ბორის ნადირაძემ.

 

ღონისძიებაზე მოეწყო გრაფიკული ვიდეორგოლის (ელექტრონული გზამკვლევი) პრეზენტაცია, რის შემდეგაც დრო დაეთმო დისკუსიას.

 

შეხვედრა გაიმართა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner