საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა გამართა, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება NATO-საქართველოს ურთიერთობის აქტიურ მიმდინარე დღის წესრიგზე გამახვილდა, რაც მხარეების შეფასებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს NATO-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ასევე განხილული უნდა იქნას NATO-ს საგარეო საქმეთა საიუბილეო მინისტერიალის კონტექსტში, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.
კიდევ ერთხელ აღინიშნა NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოში და ის გზავნილები რაც ვიზიტის დროს გაჟღერდა. მაღალი შეფასება მიეცა NATO-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, როგორც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას და NATO-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს. აღინიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მათ დაახლოებას NATO-ს სტანდარტებთან. მხარეები მიესალმნენ საქართველოში ამჟამად მიმდინარე NATO-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტს, რაც გახლავთ ალიანსთან საქართველოს მზარდი და წარმატებული თანამშრომლობის ძლიერი დასტური.
განსაკუთებით აღინიშნა ბრიუსელში მიმდინარე NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც შავი ზღვის საკითხებს ეძღვნება და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა, რომ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სწავლებები და თანამშრომლობის სხვა მექანიზმები ემსახურება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის ხელშეწყობას.