რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და საპრევენციო სამუშაოების შესრულებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით 2017-2018 წლებში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოფხვრას 60 მილიონი ლარი მოხმარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ შემუშავებულ და დანერგილ მექანიზმებს, რაც საშუალებას იძლევა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე დახარჯული თანხები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, შემუშავდა სტიქიის პრევენციის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. ეს თანხა ამ ეტაპზე მოხმარდება 150 პროექტის განხორციელებას, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული 300 პროექტიდან შეირჩა. პროექტები მოიცავს კალაპოტების, პატარა მდინარეების, ხევების, არხების გაწმენდას. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ზოგან კი უკვე ტენდერიც გამოცხადდა.