პირველ აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვლენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მმართველი გუნდის კანონპროექტი, მეორე მოსმენა კი სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის შემუშავებამდე გადავადდა. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან კრიტიკულ დასკვნას არ ელოდება. ამის არგუმენტად პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ კანონპროექტის შემუშავების დროს სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციებითა და კონსტიტუციით იხელმძღვანელეს.
საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ შენიშვნები გაითვალისწინოს, თუმცა იხსენებენ კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდს, როდესაც მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ეს რეკომენდაცია გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნაში პარლამენტის ჩაურევლობას.
„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ, ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებით და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვენეციის კომისიასთან საუბარს გეგმავენ ალტერნატიული კანონპროექტების ავტორებიც. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. მათთან შეხვედრას აპირებს ოთარ კახიძეც.
20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.