logo_geo
eng_logo
სუს-მა გამოავლინა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას
- +

28 მარტი. 2019. 10:54

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

 

„2018 წელს 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით.

 

სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 600-მდე პირზე განისაზღვრა NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი. 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით.

 

ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების მონიტორინგი და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საფრთხეების დროულად გამოვლენაზე და მათი განეიტრალების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ამასთან, როგორც სუს-ი განმარტავს, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლავ მაღალია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას.

 

„სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად.

 

სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს. ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არ იქნა შემოშვებული უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე.

 

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 48 პირი“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner