„NATO-ს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
ძალიან ცხადი მიზეზებია, რატომ არის უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ NATO-ს ალიანსისთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.
მომავალ კვირას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება და ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უნდა დაველოდეთ საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რომელმაც ეს უნდა დაამტკიცოს. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი ნაბიჯები ფოკუსირებული იქნება სასაზღვრო, სახმელეთო და საჰაერო გარემოზე და პრაქტიკული თანამშრომლობაზე. ჩვენ ნამდვილად ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მივიღებთ იმისთვის, რომ ერთად ბევრი გავაკეთოთ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა. საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.