რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 78,4746 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც სხეულში უკანონოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 28 დეკემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.