logo_geo
eng_logo
ლევან იზორია NATO-ს სწავლებაზე: განსაკუთრებული პატივია, ვიზეიმოთ ის დიდი წარმატება...
- +

28 მარტი. 2019. 12:36

 

„საქართველოსთვის განსაკუთრებული პატივია, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იზეიმოს ის დიდი წარმატება, რასაც NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ NATO-ს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე ადმირალ მანფრედ ნილსონთან, გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

 

ლევან იზორიას განცხადებით, NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ს მთლიანად ახორციელებდა ქართული მხარე, რომელსაც წინ უძღოდა სერიოზული მომზადება.

 

„მახსოვს, 2016 წელს ადმირალ ნილსონთან როგორ შევთანხმდით სწავლების ჩატარებაზე და ძალიან მეამაყება, რომ ეს ჩანაფიქრი წარმატებით აღვასრულეთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო მისი როლი ამ საქმეში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საერთო წარმატების მიღწევისთვის. ეს გვაძლევს განსაკუთრებულ საფუძველს, მომავალში კიდევ უფრო დინამიური გავხადოთ NATO-საქართველოს შორის არსებული ისედაც უპრეცედენტო დინამიკა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

როგორც იზორიამ განაცხადა, საქართველოს პროგრესის აღიარების კიდევ ერთი დასტური იყო საქართველოში რამდენიმე დღის წინ NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა, რომელმაც კიდეც ერთხელ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავი და სამაგალითოა NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის.

 

ამასთანავე, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ სწავლების ფარგლებში გუშინ საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველო დროის უმოკლეს პერიოდში აღწევს განსაკუთრებულ პროგრესს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე.

 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თავდაცვის ძალებსა და მის მეთაურს. დღეს მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა რა ჩვენი წარმატება, სიმბოლურად სწორედ ამ სწავლების უშუალო ხელმძღვანელს, ქართველ ოფიცერს, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გამოუცხადა დიდი ნდობა და ის გახდება გენერალი. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და ეს დინამიკა გვაძლევს მყარ საფუძველს მომავალში, რათა უფრო დავუახლოვდეთ NATO-ს, გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner