„მეტროსადგურ „დიდუბესთან“ არსებულ სარკინიგზო ხიდზე, რომელზეც მეტროპოლიტენის შემადგენლობა მოძრაობს, ავარიული ფაქტორები არ დადგენილა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ხიდის ავარიულობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
ხმალაძის თქმით, აღნიშნული ხიდისა და მეტროს სხვა ინფრასტრუქტურის შემოწმება და ექსპერტიზა პერიოდულად ხდება.
„უშუალოდ ამ ხიდთან დაკავშირებით კომპეტენტური და კვალიფიციური ექსპერტების მიერ შემოწმება დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. ხიდზე ავარიული ფაქტორები არ დადგენილა. თუმცა, იქ გარკვეული საკომუნიკაციო ქსელების პრობლემაა. სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე მუნიციპალური. ორივეს რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია. ამ ეტაპზე მეტროს მატარებლის მიერ ამ მონაკვეთზე სიჩქარის შენელება ხდება. თუმცა, ვიბრაციები და ბურჯების ჯდომის ნორმები აბსოლუტურად ნორმაშია. ეს კვალიფიციური ექსპერტების მიერ დადასტურებულია. შესაბამისად, ამ ხიდის ავარიულობას ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.