„ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის, მართლა ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს? ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართულია. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის რეპლიკას უპასუხა იმის თაობაზე, რომ გამოძიება დუმს.
ბახტაძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიბერდანაშაულის პრევენცია მოხდეს.
მამუკა ბახტაძემ მედიასთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საუბარი იმაზე, თითქოსდა გამოძიება არაფერს აკეთებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, ძალიან მძიმე დანაშაულია. ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება, უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ვართ დაინტერესებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მსგავსი ტიპის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.