„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიულ საკითხებთან ერთად დადგა აშშ-ის დღის წესრიგში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო მდივანს, ამერიკისთვის სტრატეგიულ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად, კითხვა დაუსვეს საქართველოსა და უკრაინაზე, თავისთავად ცხადყოფს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და უკრაინას დიდი ადგილი უკავიათ. კითხვა იყო საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან აგრესიის კონტექსტში. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა მისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათი პოზიცია არის ცალსახა და მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, ეს ორი ქვეყანა დადგა დღის წესრიგში“, - განცხადა სოფო ქაცარავამ.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა: „მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია“. პომპეოს კითხვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ ჩაბომ დაუსვა.