შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქე შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.
შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა.
სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.