logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება
- +

28 მარტი. 2019. 18:22

 

 

„როგორც გპირდებოდით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  1 აპრილიდან ამოქმედდება  საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, პროგრამა უკვე მომზადებულია, დასრულებულია ბანკებთან მოლაპარაკებები და, შესაბამისად,  მიღებულია მთავრობის გადაწყვეტილებაც.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი. სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე  ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ოპერირებას და მონიტორინგს  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.

 

„წელს პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადა  10 წელი იქნება“, - აღნიშნა ქობულიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის  მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.

 

საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს.  სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner