„საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში. სერბეთის რესპუბლიკა ასეთივე პოზიტიურ როლს ასრულებს ბალკანეთის რეგიონში, ამრიგად, შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და გავაუმჯობესოთ ჩვენ ორ რეგიონს შორის კავშირები, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატში”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ასრულებს.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უნიკალური მდებარეობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ეს როლი შემართებითა და პასუხისმგებლობით იტვირთოს.
„შავი ზღვის რეგიონს გეოგრაფიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე უსაფრთხოების კუთხით სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისათვის.
საქართველოს უნიკალური მდებარეობა, შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაცაა. სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს როლს რეგიონში.
წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიკისროთ ეს როლი მაღალი პასუხისმგებლობითა და შემართებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ამას მრავალი მიმართულებით ვახორციელებთ.
მხარს ვუჭერთ რეგიონალურ თანამშრომლობას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მეტიც, ქართველი სამხედროები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ყველაზე მტკივნეული წვლილია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.