logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა
- +

28 მარტი. 2019. 19:48

 

„ჩვენი ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო მიმართულებით წარმატება შიდა რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება.

 

„ჩვენ გვესმის, რომ „თავისუფლების საზღვარი“ ვრცელდება მხოლოდ იქამდე, სადამდეც - დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით.

 

დემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობასა და კეთილდღეობას.  ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ასაკის, სქესის, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანისათვის თვითრეალიზების შესაძლებლობის მიცემა  თავისუფალ და თანამედროვე საზოგადოებაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა დაასრულა ხელისუფლების ორგანოთა დაბალანსებული სისტემის შექმნისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი.

 

„გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც თავიდან აგვარიდებს ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრევენციას,  ხელს შეუწყობს პარტიული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას.

 

საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს  პარლამენტის ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით და მათზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული ეფექტური მმართველობის გაძლიერებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როდესაც ჩვენმა ქვეყანა 2015 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ჩემპიონის ჯილდოს მფლობელი გახდა და როდესაც  2017-2018 წლებში,  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეობა გადაიბარა.

 

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთი ტრანსფორმაცია სიმბოლურად უკვდავყოფს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს.

 

„ზუსტად 100 წლის წინ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩატარდა დამფუძნებელი კრების პირველი სესია. კრებისა, რომელიც არჩეული იქნა ხალხის ნებით. მიუხედავად მოკლევადიანი დამოუკიდებლობისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. მათი იდეოლოგიური და სიმბოლური მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება საქართველოს პარლამენტში,  რომელიც წარმოადგენს ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი ტრადიციის ღირსეულ მემკვიდრეს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner