logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში
- +

29 მარტი. 2019. 11:26

 

 

„განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველოს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში.

 

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზებისთვის. მისასალმებელია, რომ ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და წელს რიგით მესამე შეხვედრა იმართება. ცხადია, ეს უდავოდ მეტყველებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნებაზე იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს – ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში. როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა, იყოს ამ დიალოგის აქტიური მონაწილე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ბახტაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ღონისძიებაზე ფართოდ არის წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორი საქართველოს რეგიონებიდან.

 

„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო გამოირჩევა საკმაოდ აქტიური არასამთავრობო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის მუშაობას. განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ ახალი ასოცირების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელშიც გაწერილია 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, შექმნილია საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეროვნული პლატფორმა აქტიურად ლობირებს პარტნიორობის მიზნების შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner