logo_geo
eng_logo
აშშ: საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში
- +

29 მარტი. 2019. 11:40

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში.

 

ანგარიში 2018 წელს მოიცავს და მასში საუბარია საერთაშორისო ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნარკოტიკის კონტროლის ღონისძიებებს ეხება, მეორე კი – ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის პირველ თავში აღნიშნულია, რომ საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც ქვეყანას ოპიუმის, ჰეროინის და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის – ძმარმჟავას ანჰიდრიდის ტრანსპორტირებაში ჩართული ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე მოწყვლადს ხდის.

 

„2018 წლის აპრილში საქართველოს ფოთის შავი ზღვის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავას ანჰიდრიდი ამოიღეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიაა. ქიმიური ნივთიერებები წარმოებული იყო ჩინეთში და განკუთვნილი იყო ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის. ავღანეთში ოპიუმის რეკორდული, უდიდესი წარმოების მიუხედავად, საქართველოში 2016 წლიდან ამოღებული ნივთიერებების რაოდენობამ იკლო“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტის ავტორები საქართველოს მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით  აღნიშნავენ, რომ ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში აკრძალული ნარკოტიკის დაახლოებით 50 ათასი მომხმარებელია.

 

„სინთეტური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. 2018 წლის აპრილში პოლიციამ რეიდები ჩაატარა ორ პოპულარულ ქართულ ღამის კლუბში, რამაც თბილისში არეულობა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რეიდები, როგორც ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება და მოუწოდა ხელისუფლებას, წარმოადგინოს ნაკლებად მკაცრი ნარკოპოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქალაქეთა მსგავსმა რეაქციამ შესაძლოა, მომავალში ანტინარკოტიკულ ოპერაციებს ხელი შეუშალოს რეპრესიების შიშის გამო. 2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა. ჯერჯერობით, მონაცემები არასაკმარისია იმის შესაფასებლად, ექნება თუ არა ამას გავლენა სხვა აკრძალული ნარკოტიკის  მოხმარებაზე, გაყიდვასა და ტრანზიტზე“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობასა და ნარკომოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით კომპლექსური ზომების შესამუშავებლად. აღნიშნულ პარტნიორებს შორის დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოება, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგიონული პარტნიორი სახელმწიფოები და ევროკავშირი.

 

როგორც ანგარიშში წერია, აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დანაშაულისა და აკრძალული ნარკოტიკის მოხმარებისა და არალეგალური ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2018 წლის 25 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა აშშ-ის ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მოქმედ ადმინისტრატორს და ორივე მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა ორმხრივი ურთიერთობებისადმი. ასევე საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner