logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად დასრულდეს
- +

29 მარტი. 2019. 11:51

 

 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს.

 

„სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივით გასულ წელს „სოციალური მუშაობის შესახებ“ ახალი კანონი მივიღეთ, რომელშიც აბსოლუტურად ყველა გარანტიაა გათვალისწინებული, მათ შორის, ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან შესრულებას უკვე ვიწყებთ. მათ შორის, სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მომატებას, ასევე უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების შექმნას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კილაძის თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე შედგება მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, კონკრეტულმა უწყებამ რა ნაბიჯი გადადგა კანონის აღსრულებისთვის.

 

„იმედი მაქვს და ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

250 სოციალური მუშაკიდან 180 25 მარტიდან გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ. სოციალური მუშაკები გუშინ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, ჯანდაცვის მინისტრთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა გაფიცვას აგრძელებენ. ამასთან, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა და შესაძლოა, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner