პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტი ვენეციის კომისიის ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან იქნება თავსებადი.
როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმის დროს ვენეციის კომისიასთან ჰქონდა ნაყოფიერი თანამშრომლობა და ეს პროცესი გრძელდება საერთო სასამართლოების შესახებ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში.
„როდესაც ჩვენ კანონპროექტი პირველი მოსმენით განვიხილეთ, ის პარალელურად ვენეციის კომისიას გადავუგზავნეთ, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. დეტალურად გავეცნობით მათ მოსაზრებებს, ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა რეკომენდაციას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.