ალბათ შეხვედრიხართ მშობლებს, რომლებმაც თავი გადადეს შვილებისთვის, უარი თქვეს მუშაობასა და კარიერაზე და ბოლომდე ჩართულები არიან ბავშვის სწავლა-განვითარებაში. მათთან ერთად მეცადინეობენ, დადიან რამდენიმე მასწავლებელთან, წრეებზე და გაოცებულნი არიან, როგორ რჩებათ სხვა ბავშვებს თამაშის დრო. მათი შვილები ხომ მხოლოდ კვირაობით, 2-3 საათით ახერხებენ თამაშისთვის დროის გამონახვას...
ბავშვების ერთ ნაწილს კი პირიქით, ვინაიდან ძალიან მოუცლელი მშობლები ჰყავს, ადრეული ასაკიდანვე აწყებინებენ სხვადასხვა საგანში მომზადებას. სკოლის გარდა დადიან რეპეტიტორებთან, სპორტზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეზე... სად გადის ზღვარი დაკავებულობასა და გადატვირთულობას შორის, რამდენი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს სინამდვილეში ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი ამათუიმ წრეზე სიარულს აპროტესტებს.
კითხვებზე პასუხს გვცემს ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ „დიალოგის“ წარმომადგენელი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი.
- დღეს ძალიან ბევრი ბავშვი დადის კლასგარეშე წრეებზე. როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი ბავშვის აქტიურობასა და გადატვირთულობას შორის?
- იმისათვის, რომ ზღვარი აქტიურობასა და გადატვირთულობას შორის არ დაირღვეს, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის შესაძლებლობები ასაკის მიხედვით და სურვილები. მაგალითად, მაშინაც კი, როცა ბავშვი არ აპროტესტებს წრეებზე სიარულს და თითქოს არც დაღლილობა ეტყობა, დაუშვებელია დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვი 4-5 წრეზე დადიოდეს, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება.
- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვს, მითუმეტეს მოზარდს, თავისუფალი დრო არ უნდა რჩებოდეს და მთელი დღე დაგეგმილი უნდა იყოს, ეს რამდენად სწორია?
- ეს მოსაზრება სიმართლისგან ძალიან შორსაა, ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო საკუთარ თავთან დასარჩენად, მეგობრებთან ურთიერთობისათვის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისათვის. მხოლოდ თეორიულ ცოდნას და მასალას ადამიანი ვერაფერში გამოიყენებს, თუ მას არ აქვს სოციალური უნარები კარგად განვითარებული. ის, როგორც პიროვნება, ვითარდება თანატოლებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა თავისუფალ აქტივობებში, ამიტომ დღის რეჟიმი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ბავშვს აუცილებლად ჰქონდეს თავისუფალი დრო, თუნდაც უბრალოდ დასასვენებლად.
- როცა დედა ამბობს, რომ ბავშვი 9-10 წლის ასაკში, მხოლოდ კვირას, 2-3 საათით იცლის სათამაშოდ, დანარჩენი დაკავებულია - როგორ მოქმედებს ეს ბავშვზე?
- ზრდასრული ადამიანიც კი, რომელიც მსგავსი რეჟიმით იმუშავებს, დროთა განმავლობაში იგრძნობს საშინელ გადაღლილობას და შესაძლებლობა იმისა, რომ მას სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდია! და ამის ფონზე წარმოიდგინეთ ბავშვი მსგავს რეჟიმში? ესაა საშინლად სტრესული მდგომარეობა, რომელიც ბავშვმა შეიძლება ვერ გამოხატოს და ვერ გააპროტესტოს, მაგრამ მშობელმა მსგავსი შეცდომა არ უნდა დაუშვას. გარდა აკადემიური ცოდნისა და კონკრეტული ფიზიკური უნარების განვითარებისა, ბავშვი რომ სრულფასოვან და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მას აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო, რომელსაც თავისი სურვილების მიხედვით გამოიყენებს. მუდმივი გადატვირთვა და უდროობა აშორებს ადამიანს საკუთარი თავისგან, მათ შორის ბავშვებსაც და თითქმის არასოდეს არ რჩებიან მარტონი საკუთარ თავთან, შესაბამისად, უჭირთ განცდების, სურვილების, მისწრაფებების, სირთულეების და ემოციების გაცნობიერება. მსგავსი მდგომარეობა კი სერიოზულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს უქმნის ადამიანს და მისი შედეგების გამოსასწორებლად მომართვიანობა ძალიან დიდია.
- როცა ბავშვი აპროტესტებს ამა თუ იმ წრეზე შესვლას, შეიძლება უბრალოდ, ზარმაცობს. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- თუკი პროტესტი სიზარმაცესთანაა დაკავშირებული, ასეთ დროსაც შესაძლოა არ მოწონდეს ბავშვს ის კონკრეტული წრე, ან რაიმე დეტალი, რაც მასში უინტერესობის განცდას იწვევს, მაგრამ ამის ვერბალიზებას ზუსტად ვერ ახდენს და ზრდასრულები სიზარმაცეს მიაწერენ ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში მშობელმა უნდა იმუშაოს ამ დამოკიდებულების გამოსწორებაზე და მიზეზს მიხვდეს. ამით სიზარმაცეც გაქრება და მშობელი ბავშვის დაინტერესებასაც მოახერხებს.
- არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ბავშვობიდანვე მიჩვეულია სიბეჯითეს, მუდმივად სწავლით და აქტიურობით არის დაკავებული, ეს სამომავლოდ წარმატებას მოუტანს. სწორია ასეთი მსჯელობა?
- ბავშვი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს შრომას და მიზნის მისაღწევად სირთულეების გადალახვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატარას მის შესაძლებლობებზე მეტის გაკეთებას უნდა მოვთხოვოთ. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი პატარა ასაკიდან ეჩვევა საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას და ბეჯითია ისე, როგორც მისი განვითარების კონკრეტული ეტაპი მოითხოვს, ეს მის წარმატებულობას ხელს აუცილებლად შეუწყობს.