„არის საკითხები, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ მარიხუანას კულტივირებაზეა მტკიცებით ფორმაში საუბარი, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ანგარიში ინფორმაციას იძლევა არა დასკვნის სახით, არამედ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და ხაზს უსვამს, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინტენსიურად თანამშრომლობენ.
„ამერიკისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინტენსიურად მუშაობენ და თანამშრომლობენ საკითხების ფართო სპექტრზე. ახლახან იარაღის უკანონო მოძრაობა აღმოაჩინეს, კერძოდ, თურქეთის მოქალაქის მიერ საქართველოში შემოტანა და ეს თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროს არ მოიცავს. იგივე ნარკოტიკების თემაზე 2012 წლიდან წარმატებული ოპერაციები აქვთ ჩატარებული. გარკვეული უზუსტობები, რაც მოხსენებაშია, მაინც განპირობებულია უზუსტო ინფორმაციის მიწოდებით, რაც ავტომატურად ანგარიშში ხვდება. ამაში მოულოდნელი არაფერია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ქართველმა საზოგადოებამ და სახელისუფლო სტრუქტურებმა უნდა იცოდნენ, რა საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება, კრიტიკა საიდან მოდის და ამ საკითხს ჯანსაღად უნდა შეხედონ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.
ამასთან, გასული წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო კანონპროექტი კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.