საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 25 წლის წინ საქართველომ დაიწყო სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ.
„25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები. ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი, ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპულობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ერთად ვზეიმობ და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ერთად ვიქნებით, რომელსაც მივაღწევთ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე მე მინდა მივულოცო აფხაზ და ოს თანამემამულეებს, საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს. უპირველესად მინდა მივულოცო საქართველოს ჯარს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში. მინდა მივულოცო მოკავშირეებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან და იცავენ საერთო იდეალებს საქართველოს დამოუკიდებლობისა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა გაიხსენა და პატივი მიაგო ქართველი გმირების ხსოვნასაც.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისთვის. ვიხსენებთ თანამემამულეს, რომელიც შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ, რომ 25 წლის წინ მთელი ერი გაერთიანდა ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.