logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებისთვის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს
- +

29 მარტი. 2019. 19:03

 

 

„პირველ არხთან“ საუბარში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გაამახვილა.

 

ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ისეთ განწყობაზეა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქმის გამოძიება მოხდეს.

 

„1993 წლის ბოლოდან დღემდე ბევრი დროა გასული და ბევრი მტკიცებულება, რაც ასეთი საქმის გამოძიებას სჭირდება, განადგურებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაქსიმუმი არ უნდა გაკეთდეს. მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. გამიხარდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ასეთი თბილი სიტყვები თქვა. ყველა ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ზვიად გამსახურდიას საქმიანობა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 

ძიძიგური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების პროცესსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ამ საქმის გამოძიება პრიორიტეტული საკითხი არ იყო, რადგან მაშინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას საქმის გამოძიება არ აწყობდა.

 

„გამოძიებამ ბევრი დრო და შესაძლებლობა დაკარგა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარებულიყო. წინა ხელისუფლების პირობებშიც ეს გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა და სამწუხაროდ, დიდი დროა გასული, მაგრამ შეუძლებელია იმ შეფასებას არ დაეთანხმო, რომ როცა შენი დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზები არ გაქვს დადგენილი, ეს ქვეყნაში საკმაოდ უხერხულ და არასასიამოვნო ვითარებას ქმნის. საქართველოს უახლოეს ისტორიაში რაც ხდებოდა, საზოგადოებას ამ ამბებზე გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. სამწუხაროდ, ამ თემებზე საუბარი მხოლოდ 31 მარტსა და 9 აპრილს ხდება, ჩვენი საზოგადოება და დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება ისე მიდის, თითქოს, წინა 25 წელი არ ყოფილა, რამაც ბევრი რამ განსაზღვრა. არადა, ჩვენი უახლოესი ისტორიიდან მოვდივართ, რომელიც იყო ძალიან ბევრი სასახელო წუთებით გაჯერებული, ამ სასახელო ისტორიის დაწერაში დიდი როლი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ითამაშეს. მათ ხალხი ჯერ დისიდენტებს და შემდეგ ეროვნული მოძრაობის პატრიარქებს უწოდებდა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ძიძიგური ამბობს, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას დევნიდა და გამოცხადებული ჰქონდა ნადირობა.

 

„ზვიად გამსახურდია სამეგრელოს ტყეებში ოჯახიდან-ოჯახში გადადიოდა და ფეხდაფეხ რაზმი დასდევდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა მისი განადგურება. შევარდნაძის ხელისუფლების ძირითადი პრობლემა ე.წ. ზვიადისტები იყო, რადგან 1992 წლიდან 2003 წლამდე დაპირისპირება მუდმივად ზვიადისტებსა და შევარდნაძისტებს შორის იყო. ზვიად გამსახურდიას ჯერ გარდაცვალება, შემდეგ გროზნოში მისი გადასვენება ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, რათა შევარდნაძის ხელისუფლებას ასეთი სახის გამოძიება რაც შეიძლება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად გაეხადა და თემისთვის ნაკლები ყურადღება მიექცია. ეს თემა მაშინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის პრიორიტეტული არ იყო“, - დასძინა ძიძიგურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner