ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვაზე - 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის დაკავება, განაცხადა, რომ ვინც დასასჯელი იყო, ის ხალხი დაისაჯა, ხოლო ვისზეც მიდის გამოძიება, აუცილებლად დაისჯება.
მისი თქმით, ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს სასჯელი მისჯილი აქვს, ასევე მისჯილი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ქალაქის ყოფილ მერს, ყოფილ პრეზიდენტზე გამოტანილია გამამატყუნებელი განაჩენი, ასევე გამამტყუნებელი განაჩენია იუსტიციის ყოფილ მინისტრზე.
„სულ მცირე 89 ადამიანი არის დაკავებული ძალადობაზე, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, მართლმსაჯულების ნაწილში ნამდვილად პირველი პირები, ვინც იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები, ვინც ავალებდნენ ამ ადამიანებზე განაჩენი დამდგარია და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ახერხებ იმას, რომ სამართლიანად პრეზიდენტზე, პრემიერზე, შს მინისტრზე, თავდაცვის მინისტრზე, იუსტიციის მინისტრზე, მერზე გამოგაქვს გამამტყუნებელი განაჩენი და დემოკრატიული საზოგადოება დღეს, მეგობარი ქვეყნები არ გადანაშაულებენ იმაში, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, ყველა სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩვეულებრივი დანაშაული, მე მგონია, რომ სწორედ ეს არის სწორი გზა, მე მგონია, ვინც დასასჯელი იყო, ის დაისაჯა, ვისზეც მიდის გამოძიება, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.