„გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორისა და სატრანსპორტო სფეროს საკვანძო სუბიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზანი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ცენტრისა და რეგიონში კომერციული საქმიანობის ცენტრის გაძლიერებაა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ადგილობრივი და უცხოური ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობაა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ დარგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, დიდი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს.
კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ხალხთაშორის კავშირსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.
საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს მასპინძელი ქვეყნის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, ზორან დორდევიჩმა, ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ ანტიჩმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს დრაგან შაგოვნოვიჩს საკონსულო პატენტი გადასცა.
ბიზნესფორუმის გახსნაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას სერბეთის ბიზნესგანვითარების სააგენტოსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.