საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სამეცნიერო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ფორუმი სახელწოდებით „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გუშინ გაიმართა და ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო იყო. მასში ექვსი ქვეყნის 200-მდე მეცნიერი მონაწილეობდა და მისი მიზანია საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთა.
ღონისძიების ფარგლებში, მიზნის მისაღწევად, შემუშავდა სტრატეგია და რეკომენდაციები, რომლის განხილვაც დღეს მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით პარლამენტის კომიტეტში გაგრძელდა.
ორდღიანი ფორუმი განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გაიმართა და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა გამართა.