პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „დროის კაფსულის" ჩადების საზეიმო ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების გაერთიანება, მკაფიოდ დადებითი მომავლის მიზნების გარშემო და სწორედ ამას ემსახურებოდა 25 წლით გზავნილების შენახვა.
„ჩვენმა ბავშვებმა დღეს თავიანთი სურვილები დააფიქსირეს, რომ გავერთიანდეთ ჩვენ, მათი უფროსები, შევძლოთ უკეთესად ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი სურვილია აქ ჩადებული. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენი შვილების ნატვრები და სურვილები შევასრულოთ, მათი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ გავამართლოთ.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, სახელმწიფოებრიობის, მშენებლობის. ეს იყო წარმატების, მარცხის, სამოქალაქო ომის, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა 25 წელი, ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს ის მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს, თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთელი ერის სიყვარულით და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, იქნება ერთიანობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.